ორგანიზაციის ხედვა ემყარება ინკლუზიური საზოგადოების პარადიგმას, რომელიც თავისი განვითარების, პროგრესისა და საზოგადო სიკეთის  მისაღწევად ავლენს, ხელს უწყობს და იყენებს  ყველა ინდივიდის (ადამიანის) პოტენციალსა და შესაძლებლობებს მიუხედავად მათი რასობრივი, ეთნიკური, გენდერული, შესაძლებლობის შეზღუდვის თუ სხვა ტიპის განსხვავებებისა. აძლევს მათ ინდივიდუალური განვითარების, დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების,  საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების საშუალებას.

ჩვენი მისიაა სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ადამიანთა მხარდაჭერის, ადვოკატირებისა და დახმარების ინოვაციური მეთოდების დანერგვის, მათი დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობების განვითარების, დეინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური ჩართულობის გზით  ინკლუზიური, ტოლერანტული, ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ორგანიზაციის ისტორია. ორგანიზაცია  ,,ხელი  ხელს“ დაფუძნდა 2010 წელს და  2011  წლიდან  დაიწყო საქართველოში   შშმ  პირთათვის  საუკეთესო  საერთაშორისო  პრაქტიკის შესაბამისი  მომსახურებების  დანერგვა.  ღია საზოგადოება საქარველოს მხარდაჭერით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, ორგანიზაცია  ამ ეტაპზე გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის მოთხოვნებთან  (დამოუკიდებელი  ცხოვრების  უფლება)  სრული  შესაბამისობით მომსახურებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების  მქონე  პირებს.
ჩვენს საცხოვრისებში ისინი  ცხოვრობენ  მაქსიმალური დამოუკიდებლობის ხელშემწყობ გარემოში  არაუმეტეს 5 წევრიან ოჯახებად, ეწევიან საოჯახო საქმიანობას, სწავლობენ, მუშაობენ და ცხოვრობენ, როგორც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები. ხოლო მომსახურების მიზანია მათში  უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენა და განვითარება, რაც ხელს უწყობს მათ დამოუკიდებელ ფუნქციონირებას  და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ამჟამად ორგანიზაცია ქ.გურჯაანსა და ქ.თბილისში  მდებარე 5 სახლში ემსახურება 25 ბენეფიციარს.
ორგანიზაცია ზრუნავს არა მხოლოდ მომსახურების მიწოდებაზე, არამედ საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში აპრობირების გზით  ქმნის პროფესიულ, მეთოდურ და ცოდნის რესურსს, რომელსაც ავრცელებს და უზიარებს ყველა დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას.  ორგანიზაციის მიერ შეიქმნა მომსახურების მოდელი და სპეციალისტბის მოსამზადებელი სატრენინგო პაკეტი, რაც ქმნის შესაძლებლობას მოხდეს საქართველოში მისი შემდგომი განვითარება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაჩნდა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტი და დამტკიცდა შესაბამისი სტანდარტი.
ორგანიზაცია ასევე მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლების გაძლიერებაზე ინფორმირებითა და განათლებით ტრენინგების მეშვეობით. ის ეწევა შშმ პირთა უფლებების ადვოკატირებას როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვადასხვა, მ.შ. მშობელთა, შშმ პირთა და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
ჩვენი ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს ქვეყანაში შშმ პირთა საჭიროებებს უპასუხოს ახალი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებითაც. ამიტომაც,

2016 წლიდან  ორგანიზაციამ  დაიწყო  საქართველოსთვის  ინოვაციური,  შშმ  პირთა, მ.შ.  ბავშვთა  პერსონალური  ასისტირების  მომსახურების  განვითარებაზე  ზრუნვა.  ამ  მიზნით  ჩვენი  ორგანიზაციის  მიერ  პირველად  საქართველოში  განხორციელდა  მომსახურების მეთოდოლოგიური, პროფესიონალური და ადმინისტრაციული ბაზის  ფორმირება,  რომლის  საფუძველზე  უკვე  დაწყებულია  პერსონალური ასისტირების  მომსახურების  მიწოდება.